ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და კანცლერი ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს ესტუმრნენ

 24/01/2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და KIU-კანცლერი მაგდა მაღრაძე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს ესტუმრნენ, ტექნოლოგიურ სივრცეში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. რექტორმა და კანცლერმა აბიტურიენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც KIU სტუდენტებს სთავაზობს.

აღსანიშნავოა, რომ ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ტექნოლოგიურ სივრცეში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოსწავლეთა მოსამზადებელი პროგრამები უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. სწავლო პროცესს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს STEM დარგებში გამოცდილებას უზიარებენ. ტექნოლოგიური სივრცე სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით/პირობებით, რათა მაღალ დონეზე წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. სწავლა არის უფასო და ჭიათურელი და ზესტაფონელი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია კვალიფიციური ცოდნის მიღება.

ახალგაზრდებთან შეხვედრას „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და დასაქმების ხელშეწყობას.