ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს

 24/04/2024

25 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას  40-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან. მონაწილე ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტები, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულები, წარადგინონ თავიანთი კომპანია და მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ფორუმზე ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, გაიმართება სხვადასხვა სემინარი და პრეზენტაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა - კარიერული ტენდენციები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში; საბანკო სექტორი, როგორც დამსაქმებელი; დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; მომავლის პროფესიები და კონტაქტების დამყარების ძალა.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ICT ასოციაცია და საქართველოს საბანკო ასოციაცია. ფორუმის ფარგლებში, KIU-სა და ICT ასოციაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და იყოს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge

 

 


სხვა სიახლეები