KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში ორდღიანი სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

 22/12/2022

20 და 21 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში ორდღიანი სტუდენტური კონფერენცია - „ეკონომიკა, ბიზნესი & მენეჯმენტი“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მენეჯმენტის პროგრამის მეორე და მესამე კურსის 24-მა სტუდენტმა მიიღო. კონფერენციას წინ ხანგრძლივი და დატვირთული მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უძღოდა, რომელსაც ახალგაზრდებმა, აკადემიური და აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ჩართულობით, თავი წარმატებით  გაართვეს. სტუდენტებმა ჩაატარეს კვლევები, მოამზადეს თემები და წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ღონისძიების მოდერაციას და წარმართვას უზრუნველყოფდნენ მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე, საერთაშორისო და ქართველი პროფესორები - აკაკი ხელაძე, მურთაზ კვირკვაია, შეტეფან სირისი.

მენეჯმენტის სკოლაში აღნიშნული კონფერენციის მოწყობა ტრადიციად იქცა და ყოველ სემესტრში ტარდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება, ძიებისა და კვლევის პროცესში ახალი ცოდნის შეძენა. კონფერენციაზე გამოსვლამდე ახალგაზრდა მომხსენებლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს, მათ შორის: საერთაშორისო და ქართველი პროფესორების მენტორობით მოამზადეს თემები, აბსტრაქტები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ხარისხის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციების შედეგად, სტუდენტებს უღვივდებათ მომავალი კვლევითი თემების მიმართულებით გარკვეული ინტერესი, იძენენ ცოდნას და საჭირო უნარებს. პროცესში მიღებული გამოცდილება კი მათ დაეხმარებათ მომავალი პროფესიების არჩევაში, განსაზღვრაში, განსაკუთრებით კონცენტრაციებთან მიმართებით, რათა უკეთესად ჩამოყალიბდნენ - რა მიმართულებით, რომელი კონცენტრაციით სურთ, რომ დაასრულონ KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.