KIU-ში π-Day Math Contest 2022-ის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

 08/06/2022

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსის/KIU Pi-Day Math Contest 2022 გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და კანცლერმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. სტუმრებს სიტყვით მიმართა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანმა რამაზ ბოჭორიშვილმა. ცერემონიას ესწრებოდა TUM International GmbH-ის პროექტის მენეჯერი კატრინ ალბრეხტი.

KIU π-DAY MATH CONTEST 2022-ის ფინალურ შეჯიბრში მიღებული ქულების მიხედვით, გამოვლინდა 5 გამარჯვებული მოსწავლე:

დავით ტოგოევი - მე-11 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

ლუკა დუმბაძე - მე-12 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

ელენე ენუქიძე - მე-10 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

დიმა ჩუბინიძე - მე-12 კლასის მოსწავლე, კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“ ;

ლუკა სანაია - მე-12 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები.  გამარჯვებულები მიიღებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის 100%-იან და კამპუსში ცხოვრების 50%-იან დაფინანსებას, ასევე KIU სტიპენდიას. ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამების სტუდენტთა მიერ, KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის/Visual Math Fest 2021-2022-ის ფარგლებში შექმნილი/მიმდინარე პროექტების გამოფენა. წარმოდგენილი გახლდათ შემდეგი პროექტები:

თამაშები და მათი თეორიები/Games and their theories

ფრაქტალები, მანდელბროტისა და ჯულიას სიმრავლეები/Fractals, Mandelbrot and Julia sets, Mandelbulb

ამ სამყაროს გარეთ/Out Of This World

ვექტორული ხელოვნება ფურიეს სერიებით/Vectorial Art with Fourier Series

თავგადასავალი მათემატიკაში/Adventure in Math

ჰარმონოგრაფი/Harmonograph

KIU π-DAY MATH CONTEST 2022-ის ფარგლებში სულ 200-მდე უფროსკლასელი დარეგისტრირდა, ფინალურ ეტაპზე 39 ახალგაზრდა გადავიდა, მათგან კი 19 მოსწავლე ჩამოვიდა კამპუსზე და ჩაერთო დასკვნით შეჯიბრში. საკონკურსო ამოცანები KIU-ს სტუდენტების მიერაა შედგენილი/ადაპტირებული და შერჩეულია სტუდენტებს შორის კონკურსის საფუძველზე. მოსწავლეთა ნამუშევრები გასწორდა ასევე სტუდენტების მიერ.

აღნიშნული კონკურსი KIU-ს მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე 2 წელია ტარდება და მასში მონაწილეობას დამამთავრებელი კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები იღებენ. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM დარგების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.

მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. იგი რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიულ რუკაზე.