ალექსანდრე თევზაძე
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი 2019-2024
პროფესორი ალექსანდრე თევზაძე 2019-2024 წლებში იკავებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას. პროფ. თევზაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 2006 წელს ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში მიენიჭა მათემატიკის დოქტორის ხარისხი. იყო პოსტდოქტორანტი ტურინის ასტრონომიულ ობსერვატორიაში (იტალია) და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (საქართველო). 2009 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად. 2012 წლიდან არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი და ადიუნქტ-პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი, სტუდენტური საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კომისიის თავმჯდომარე, ფიზიკის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, სადისერტაციო საბჭოს მდივანი და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ალექსანდრე თევზაძე 2017-2018 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი პასუხისმგებლობები მოიცავდა უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
პროფ. თევზაძის კვლევითი ინტერესებში შედის თეორიული და რიცხვითი ასტროფიზიკა, მათ შორის, აკრეციული და პროტოპლანეტური დისკების დინამიკა, წანაცვლებითი დინებები, კოსმოსური მაგნიტური ველები და ტურბულენტობა. მას გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის პრიზი ასტროფიზიკაში და არის გაერთიანებული სამეფოს მათემატიკისა და მისი გამოყენებების ინსტიტუტის (IMA) არჩეული წევრი.