KIU-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი TUM-ში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა, დარია ბუჩნევამ და ლუკა ნაკაშიძემ, სასწავლო სემესტრი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) წარმატებით დაასრულეს. აღნიშნული ვიზიტი TUM-ის მათემატიკის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც სტუდენტების გაცვლით პროგრამას გულისხმობს.
დარია ბუჩნევა და ლუკა ნაკაშიძე KIU-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის - “მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების” მესამე კურსის სტუდენტები არიან. ისინი, 6 თვის განმავლობაში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეცნენ TUM-ის სწავლების მეთოდოლოგიას. მოისმინეს 4 სასწავლო კურსი: ფუნქციონალური ანალიზი, რიცხვითი მეთოდები დიფერენციალური განტოლებებისთვის, ალგებრა და ინფორმაციის თეორია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა, მათ შორის - “მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები”, შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით, რაც სწავლების მაღალ ხარისხს, თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და საერთაშორისო აღიარებას განაპირობებს.
KIU-სა და TUM-ის სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოებას, პარტნიორობის მასშტაბების ზრდას და ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების შეთავაზებას.
KIU-თვის მნიშვნელოვანია სტუდენტების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და მათთვის უმაღლესი სტანდარტის, ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა. KIU ზრუნავს სტუდენტთა პროფესიულ ზრდასა და აკადემიურ განვითარებაზე, რასაც მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფს.
