KIU-მ პროფესორ ფრანჩესკო პალუმბოს უმასპინძლა

 30/01/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ფრანჩესკო პალუმბოს უმასპინძლა.

ვიზიტისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორთან ვახტანგ ცაგარელთან. მხარეებმა KIU-ს ორი ახალი პროგრამის, დიზაინისა და მედიცინის მიმდინარეობისა და მისი განვითარების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, პრორექტორი, პროფესორი პაატა ტურავა, მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია, არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი.

პროფესორმა პალუმბომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაწეული საქმიანობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარი  მედიცინისა და დიზაინის პროგრამების პირველკურსელებს შეხვდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორობისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა. 

აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან KIU-ში, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად დაიწყო დიზაინის საბაკალავრო პროგრამის და მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. პროგრამები სტუდენტებს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. ქართულ-იტალიური ერთობლივი პროგრამები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დიზაინისა და მედიცინის მიმართულებებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში როგორც ქართველ, ისე იტალიელ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამებში. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიური პერსონალისთვისაც გათვალისწინებულია.

ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები