KIU-ს სტუდენტების ნამუშევრების პირველი გამოფენა მუზეუმში

 23/01/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, პირველად გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის (AUD) პირველკურსელთა მიერ შექმნილი ვიზუალური კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების გაცნობას დიზაინის კულტურის ძირითად პრინციპებთან.

გამოფენა სიტყვით გახსნეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მუზეუმის დირექტორმა ნონა ქარციძემ. ღონისძიებას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის (AUD) ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები, მათი მშობლები, მოწვეული სტუმრები.

ნამუშევრები იკვლევს კომპოზიციისა და დიზაინის სფეროს თეორიებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გეომეტრიულ-ინტუიციურ და აღქმის პრინციპებს და ფოკუსირდება სივრცულ ურთიერთობებზე, მოძრაობასა და ფორმა-ფერის ურთიერთქმედებაზე. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ქართულ ანბანს.

KIU-ს დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყო, შემუშავებულია ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას უძღვებიან ქართველი და იტალიელი პროფესორები.

სხვა სიახლეები