ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელი ვიქტორ ოვადე, საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ეწვია. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორთან ვახტანგ ცაგარელთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ერთობლივად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“, მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები. შეხვედრას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და პრორექტორი პაატა ტურავა.
ვიზიტის ფარგლებში, KIU-ს, საქპატენტისა და WIPO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა სამაგისტრო პროგრამის განვითარების კომიტეტის პირველი სხდომა, სადაც კომიტეტის წევრებმა განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს პროგრამის მიმდინარეობასა და მართვაზე პასუხისმგებელ ძირითად მმართველ ორგანოს.
ასევე, ვიქტორ ოვადემ და საქპატენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსი, გაეცნენ უნივერსიტეტის სამომავლო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებსა და პროგრამის განხორციელებისათვის არსებულ საგანმანათლებლო გარემოს. გაიმართა შეხვედრა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც ამ პერიოდში ესწრებოდნენ პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს. აღნიშნული ლექციები წაიკითხეს WIPO-ს მიერ მოწვეული საერთაშორისო ლექტორებმა – შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (École Polytechnique Fédérale de Lausanne EPFL) პროფესორმა დომენიკ ფორეიმ და ასისტენ პროფესორმა გაეტან რასენფოსმა.
აღსანიშნავია, სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ შეიქმნა ჟენევაში, WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე. ეს არის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს, სადაც სწავლებას ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებიან WIPO-ის აკადემიის მიერ შერჩეული უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით.
