KIU-ში რექტორთა კონფერენცია გაიმართა

 29/11/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პირველადი საკანონმდებლო ცვლილება და განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფში რექტორთა კვოტირება.

კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.


სხვა სიახლეები