ქუთაისი პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ტარდება. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები და გამომცემლობების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ, რომელმაც „ქუთაისური სერენადა“ (იოსებ კეჭაყმაძე) შეასრულა.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ქართველი და უცხოელი ლიტერატორები სხვადასხვა თემატურ სექციაში წარადგენენ მოხსენებებს და გაიმართება დისკუსიები.
ფესტივალის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენები მოეწყობა.
