KIU-ს სტუდენტები ტყის აღდგენის პროექტში ჩაერთნენ

 19/11/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები გარემოს დაცვის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ. KIU-ს „ეკო კლუბის“ წევრებმა „ქუთაისის მუხნარის“ ტერიტორიაზე 40-მდე იმერული მუხის ნერგი დარგეს.

ტყის აღდგენის პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს საშუალებით ახორციელებს. სამუშაოებს ადგილზე მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე გაეცნო და სტუდენტებთან ერთად ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა. 

KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი „ეკო კლუბი“ გარემოსდაცვით ღონისძიებებს სისტემატურად მართავს. ესენია: გამწვანების აქციები და მწვანე სივრცეების დაცვა-განვითარება, ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო კამპანიები და სხვა ეკო-მეგობრული აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის სამუშაოებს 2018 წლიდან ახორციელებს. შესრულდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები. დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა.

სხვა სიახლეები