ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციას (ELFA) შეუერთდა

 01/10/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სამართლის სკოლა გახდა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი. საქართველოდან ასოციაციაში გაწევრიანებულია უკვე 15 უნივერსიტეტი, მათ შორის KIU.

ELFA-ში გაწევრიანება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო ფორუმებში, გაიზიაროს სწავლებისა და კვლევის საუკეთესო პრაქტიკები, გააღრმავოს საერთაშორისო ურთიერთობები და შექმნას ახალი პარტნიორობა ევროპის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2025-2026 სასწავლო წელს მიიღო.

ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) 1995 წელს ლევენში დაარსდა იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დღეს ორგანიზაცია აერთიანებს 150-ზე მეტ წევრს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ასოციაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას იურიდიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვისთვის.

ELFA აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და საგანმანათლებლო ერთეულებთან საერთაშორისო დონეზე, ხელს უწყობს პარტნიორობის გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას იურიდიული განათლების სფეროში. ყოველწლიურად, ასოციაცია ატარებს კონფერენციას, სადაც წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პლენარულ სხდომებში, ვორქშოპებსა და მრგვალ მაგიდებში. ასევე, ორგანიზაცია აწესებს ჯილდოს საუკეთესო სადოქტორო დისერტაციისთვის ევროპულ სამართალში.

 

სხვა სიახლეები