7-8 თებერვალს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა. სატრენინგო პროგრამაში - „AI წიგნიერება & პრომპტ ინჟინერია“ ქუთაისის საჯარო სკოლების მე-9-მე-12 კლასების 100-მდე მოსწავლე გოგონამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა. ტრენინგი მოიცავდა AI წიგნიერებისა და პრომპტ ინჟინერიის საწყისებს, რისკებს და ეთიკურ გამოწვევებს. მოსწავლეები გაეცნენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ენობრივ და სხვა ტიპის მოდელებს, შეისწავლეს მსგავსი მოდელებისთვის დავალების, ე.წ. „პრომპტის“ სწორად და ეფექტურად მიცემის სტრატეგიები.
ინტერაქტიური ხასიათის სატრენინგო პროგრამა მოიცავდა სახალისო აქტივობებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და დავალებებს. მეორე სესიაზე, ფინალურ შეჯიბრზე, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოევლინათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები. აქტივობების ფარგლებში მონაწილეების ნამუშევრების და საბოლოო შეჯიბრის შეფასება/შეჯამება მოხდა ავტომატურად, AI-ის გამოყენებით. 2-დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ KIU-ს სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი, დამატებით - გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგი ჩატარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის „მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი გახლავთ საქართველოს - I2Q - ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე ქოლის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია აქტივობები საზოგადოების ჩართულობისთვის. აქტივობები მომართულია STEM პროგრამებზე სტუდენტების მოზიდვისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალი სტუდენტების მოზიდვას.