ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თეა იმედაძე KIU-ს პირველ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა KIU-ში მიღებული განათლების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს, საუნივერსიტეტო ქალაქში გატარებული წლები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებული ან თვითდასაქმებულია და საკუთარი სტარტაპი აქვს. მათი 40% სწავლას KIU-ს ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) აგრძელებს, ხოლო ნაწილმა დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოიპოვა. სწავლის პერიოდში, სტუდენტების უმრავლესობა KIU-ში სხვადასხვა ტიპის დაფინანსებით სარგებლობდა და ჩართული იყო სამეცნიერო და საგრანტო პროგრამებში. მათ წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში, ჰაკათონებში, მიიღეს არაერთი შეთავაზება, მიწვევა, სიგელი და პრიზი. DAAD-ის მიერ დაფინანსებული პროგრამისა და გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, იმყოფებოდნენ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით მიევლინენ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ზაარლანდის უნივერსიტეტი, პარიზის-საკლეს უნივერსიტეტი და ავეიროს უნივერსიტეტი. ასევე, სტუდენტებმა სტაჟირების კუთხით გამოცდილება მიიღეს ევროპის წამყვან კვლევით ცენტრებში: FORSCHUNGSZENTRUM JÜLICH GMBH, JÜLICH და GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung GmbH.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, KIU-ში ხორციელდება კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამები, "ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის" (FIM) სამაგისტრო პროგრამა და სადოქტორო სკოლა. უახლოეს მომავალში KIU მიზნად ისახავს დაამატოს ახალი აკადემიური პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია (სამოქალაქო, ელექტრო, ენერგეტიკა) და განათლება, ასევე ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები და მედიცინა. KIU გახლავთ ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა საქართველოში. პროექტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, საერთო ბიუჯეტით - 1 მილიარდ ევრომდე. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. სწორედ დამფუძნებლის და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომ KIU გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე შეიქმნა.