სს საქართველოს ბანკის სტიპენდია სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

 19/02/2024

სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში - „KIU“, “უნივერსიტეტი”) ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

უნივერსიტეტის და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა - „სტუდენტური სასწავლო გრანტები“ (შემდგომში - „სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამა“) საქართველოს მოქალაქეობის მქონე უნივერსიტეტის  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სთავაზობს გრანტებს სწავლის დაფინანსებისთვის.

დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა უნივერსიტეტს განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის/რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.

სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის დაფინანსება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს ერთი სემესტრის ან სასწავლო წლის ვადით. სტუდენტის მიერ სტიპენდიის მეორე სემესტრში შენარჩუნება დამოკიდებულია მის მიერ სტუდენტის აქტიური სტატუსის შენარჩუნებაზე. თუ სტუდენტი დაკარგავს აქტიურ სტატუსს (შეიჩერებს სწავლას და ა.შ.) სტიპენდია შემდეგი სემესტრისთვის ვერ გაიცემა.

დაფინანსება შეიძლება გაიცეს სწავლის საფასურის 30, 50, 70 ან 100% დაფინანსების მოსაპოვებლად. სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სწავლის საფასურის ოდენობა, სტუდენტის სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სხვა სახელმწიფო დაფინანსების/უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან მოპოვებულ თანხასთან ერთად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს საანგარიშო პერიოდში (2023-2024 სასწავლო წელი), მოპოვებული აქვს ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სხვა სახის სწავლის დაფინანსება მას შეუძლია მოიპოვოს ნაწილობრივი დაფინანსება, რომელიც არ აღემატება უნივერსიტეტში სწავლის საფასურს მოცემული პერიოდისთვის.

სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, დაფინანსება შეიძლება მოიპოვონ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა:

1. რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და წინა სემესტრის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 24 ECTS კრედიტი;

2. რომლებიც  წარმატებით მონაწილეობენ  KIU  ექსტრაკურიკულურ აქტივობებში (კლუბები, ინოვაციების საზაფხულო სკოლა, სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართულობა, მოხალისეობრივი აქტივობები, KIU სტუდენტური ელჩების პროგრამა, KIU პოდკასტი, KIU პროექტები, KIU კონფერენციები, KIU ივენთების საორგანიზაციო წევრები და სხვ.).




 

სხვა სიახლეები