სტუდენტური დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები - ლიბერთი ბანკმა KIU-ში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

 01/12/2021

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ინდუსტრიასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს სტუდენტების სტაჟირებისა და მომავალი დასაქმების პროგრამების ხელშეწყობა იგეგმება. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, KIU-ს ეწვია სს ლიბერთი ბანკის მენეჯმენტის გუნდი, რომელმაც KIU-ს სტუდენტებს დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები გააცნო და ბანკთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.  

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კორპორატიული პარტნიორობის პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის დაწყება ინდუსტრიასთან. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც უნივერსიტეტს ესტუმრა და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა არის სს ლიბერთი ბანკი. ინდუსტრიის ჩართულობა და კერძო-საჯარო პარტნიორებთან KIU-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების და კურსდამთავრებულების წარმატებისთვის. KIU-ს პარტნიორ კერძო და ასევე საჯარო დაწესებულებებში სტუდენტები შეძლებენ სტაჟირების გავლას, ერთობლივ პროექტებზე მუშაობას და მომავალში წარმატებით დასაქმებას. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ბიზნესები თავიანთი საქმიანობის წარმატებას, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობენ ხელს“ - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

სს ლიბერთი ბანკის რისკების მართვის დირექტორის დავით აბაშიძის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ლიბერთი ბანკის გაცნობა და ახალგაზრდების დაინტერესება კომპანიით, ასევე იმ პროგრამების წარდგენა, რომლებსაც ბანკი სთავაზობს ახალგაზრდებს მომავალი თანამშრომლობისა და დასაქმების მიზნით. 

„მიგვაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მომავლის უნივერსიტეტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს დაიკავებს საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში.  გვსურს მჭიდრო ურთიერთობების დაწყება, ასევე გვინდა, რომ ლიბერთი ბანკი იყოს KIU-ს სტუდენტების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი. ვისაუბრეთ ბევრ პროგრამაზე, უნივერსიტეტის პროფილიდან გამომდინარე, ძირითადად, რისკების მართვაზე და, უფრო ვრცლად, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა და მენეჯმენტი - ეს მიმართულებები გამოყენებადია როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ისე რისკების მართვაში. წარვადგინეთ სტუდენტების სტაჟირების პროგრამები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სთავაზობს“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის რისკების მართვის დირექტორმა დავით აბაშიძემ.

სს ლიბერთი ბანკის პრეზენტაციას უნივერსიტეტის კამპუსზე ესწრებოდნენ KIU-ს სტუდენტები და თანამშრომლები. პრეზენტაცია ასევე გადაიცა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და KIU-ს ყველა სტუდენტს მიეცა საშუალება მას დასწრებოდა.