ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

 26/11/2021

 

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი კავშირების და თანამშრომლობის დამყარებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენ დღეს ჩეხეთის ელჩს და მის გუნდს გავაცანით KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ვისაუბრეთ შესაძლო ერთობლივ პროექტებზე, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებსა და ინდუსტრიასა და უნივერსიტეტებს შორის ჩეხეთში არსებული წარმატებული მაგალითების პრაქტიკის გაზიარების გზებზე", - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორის ვახტანგ ცაგარელის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების საკითხს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან და საელჩოს წარმომადგენლებთან. შედგა კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი, დაისახა თანამშრომლობის გზები საქართველოსა და ჩეხეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებას. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მშენებარე ცენტრი უნიკალურია როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ჩეხურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა პრაღის პროტონული თერაპიის ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მშენებარე ცენტრს შორის თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

ვიზიტისას სტუმრები გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას, მიღწევებს, აკადემიურ პროგრამებს, მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი.

„ეს გახლავთ ჩვენი პირველი ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გავეცანით სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შესახებ ინფორმაციას. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები ჩეხეთის საგანმანათლებლო სისტემასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.

ვულოცავ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიღწეულ შედეგებს. უმნიშვნელოვანესია მისი როლი საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ.