„სწავლა საფრანგეთში“ - საინფორმაციო შეხვედრა KIU-ს სტუდენტებთან

 10/11/2021

 

9 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობისა და კამპუს ფრანსის წარმომადგენლებმა KIU-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

„სწავლა საფრანგეთში“ - ეს გახლდათ თემა, რომლის შესახებაც ისაუბრეს სტუმრებმა. დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საფრანგეთში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ასევე, დაფინანსების, მათ შორის, ეიფელის სტიპენდიის, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიის და ა.შ. მოპოვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სტიპენდიები ვრცელდება ინგლისურენოვან პროგრამებზეც.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს მეცნიერებისა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ატაშესთან, საქართველოში საფრანგეთის ინსტიტუტისა და კამპუს ფრანსის წარმომადგენლებთან. სტუმრებმა სტუდენტებს და KIU-ს ადმინისტრაციას გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით სთავაზობს ჩვენს ახალგაზრდებს, იმისათვის რომ გააგრძელონ სწავლა საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს მოიცავს როგორც ფრანგული ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ სტიპენდიებს - ეიფელის სტიპენდიას, ასევე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას, სადაც ხდება ორმხრივი დაფინანსება“, - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერებებისთვის კვლევითი მობილობის პროგრამების, კონკურსის ჩატარების პირობებისა და მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმების შესახებაც.

„საფრანგეთის საელჩოს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები დღეს შევხვდით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის გაგრძელების, სამაგისტრო, დაფინანსებისა და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომლებიც ამ ეტაპზეა გამოცხადებული ან სამომავლოდ გამოცხადდება. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, მათ შორის, ერასმუს+ -ის ფარგლებში და, ზოგადად, ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფრანგულ მხარეს შორის“, - განაცხადა Campus France-ის წარმომადგენელმა საქართველოში ნათია მსხალაძემ.