რუდი ზაგსტი
რუდი ზაგსტმა შეისწავლა ბიზნეს-მათემატიკა ულმის უნივერსიტეტში (University of Ulm). სტოხასტური დინამიური ოპტიმიზაციის მიმართულებით დისერტაციის დაცვის შემდგომ, მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ჰიპო ვერეინსბანკში (HypoVereinsbank AG), სადაც ის მუშაობდა პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელად ინსტიტუციური საინვესტიციო მენეჯმენტის მიმართულებით. შემდგომში, პროფესორმა ზაგსტმა მუშაობა გააგრძელა საერთაშორისო აქტივების მართვის კომპანიაში (Allfonds International Asset Management GmbH) საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. მოგვიანებით კი, იგი დაინიშნა კერძო კვლევითი ინსტიტუტის, კომპანია რისკ ლაბის (RiskLAb GmbH) დირექტორის თანამდებობაზე ფინანსების მიმართულებით.
1992 წლიდან, პროფესორი ზაგსტს სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა ეკავა აუგსბურგის (Augsburg), სენტ გალენის (St. Gallen), მიუნხენის (Мunich), ტორონტოს (Toronto), ულმისა (Ulm) და სინგაპურის (Singapore) უნივერსიტეტებში. ჰაბილიტაციის გავლის შემდგომ (2000 წ.), პროფესორმა ზაგსტმა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა მათემატიკური ფინანსების პროფესორის თანამდებობაზე მუშაობის შესახებ (2001 წ.), სადაც ამჟამად იგი მათემატიკური ფინანსების კათედრის თავმჯდომარე და სადაზღვევო კვლევითი ცენტრის - ERGO (ERGO Center of Excellence in Insurance) ხელმძღვანელია. პროფესორ რუდი ზაგსტის კვლევები ორიენტირებულია ფინანსურ ინჟინერიაზე, რისკებისა და აქტივების მენეჯმენტზე.
2003 წელს პროფესორი ზაგსტი დაინიშნა ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე წევრად. 2004 წლიდან, მას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა (Technical University of Munich) და ბაიროითის უნივერსიტეტის (University of Bayreuth) ერთობლივი ელიტარული პროგრამის - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance & Information Management) თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია. პროფესორი ზაგსტი ასევე მუშაობს ბავარიის ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს (Bavarian State Ministry of Economic Affairs, Regional Development and Energy), მიუნხენის ფინანსურ საინიციატივო ცენტრში (FPMI - Munich Financial Center Initiative) და ბავარიის კვლევითი ფონდის (Bavarian Research Foundation) მრჩეველთა საბჭოში. ის ასევე გახლავთ კომპანია Ecuadorhilfe Stuttgart-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2007 წელს პროფესორ ზაგსტს ჟურნალ Unicum Beruf-ის მიერ მიენიჭა „2007 წლის საუკეთესო პროფესორი“-ს წოდება იმ წვლილისათვის, რაც მან სტუდენტების პრაქტიკული განათლების სფეროში შეიტანა.