ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ თომას ჰოფმანთან და TUM-ის კანცლერთან, ალბერტ ბერგერთან. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში, KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ასევე შეხვედრები გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. დაისახა სამომავლო გეგმები ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, კვლევითი მიმართულებების გაძლიერებისა და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მოზიდვის პროცესის კიდევ უფრო გაფართოების შესახებ.
TUM ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. KIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების უმრავლესობა შემუშავებულია TUM-თან თანამშრომლობით. პარტნიორობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება არაერთი აკადემიური გაცვლითი პროგრამა KIU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას.
