ნინო სადუნიშვილი ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია

 24/08/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის პროგრამის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებული ნინო სადუნიშვილი, ავსტრიაში, ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის (WU Vienna) MSc Marketing-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია!
 
ნინო სადუნიშვილი: „WU Vienna-ში აპლიკაცია მხოლოდ MSc Marketing-ის პროგრამაზე გავაგზავნე, რადგან სწორედ ეს მიმართულება ემთხვეოდა ყველაზე მეტად ჩემს აკადემიურ ინტერესებსა და კარიერულ მიზნებს. KIU-ს ინგლისურენოვანი სასწავლო მოდელი ჩემთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან მიღებული განათლება სრულად აკმაყოფილებდა სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს.  მენეჯმენტის პროგრამის ტექნიკური კომპონენტები დამეხმარა მათემატიკური უნარების გამოვლენასა და ანალიტიკური კომპეტენციების გაძლიერებაში. KIU-ში მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შემიწყო დამატებითი ინგლისური ენის გამოცდების გარეშე, წარმატებით მომემზადებინა სააპლიკაციო დოკუმენტაციაც“.
 
ნინო KIU-ში სრული დაფინანსებით სწავლობდა - ოთხივე წლის განმავლობაში სარგებლობდა სახელმწიფო სტიპენდიით და წარმატებით დაასრულა საბაკალავრო საფეხური. ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის პროექტებში. მათ შორის, არის Podcast Competition-ისა და მენეჯმენტის სკოლის კონფერენციის პრიზიორი. ნინომ პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება KIU-ს მენეჯმენტის სკოლის TA პროგრამის ფარგლებშიც დააგროვა, სადაც მარკეტინგის მკვლევარ-ასისტენტად მუშაობდა. ამჟამად, დასაქმებულია საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკში, მარკეტინგის მიმართულებით.
 
Wirtschaftsuniversität Wien — WU, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ავსტრიის ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტი და ამასთანავე, ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-სკოლაა. მისი პროგრამები განსაკუთრებით ორიენტირებულია ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის სფეროებზე. MSc Marketing-ის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ძლიერ აკადემიურ ბაზას, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას და საერთაშორისო გამოცდილებას.
 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტებს სთავაზობს ევროპული ხარისხის შესაბამის, მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კურსდამთავრებულებს გზას უხსნის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, კვლევით ცენტრებსა თუ საერთაშორისო კომპანიებში.
 
KIU ულოცავს ნინო სადუნიშვილს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ გზაზე!

სხვა სიახლეები