ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 12/08/2026

KIU-ს პავილიონში დამთვალიერებლები გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებს, სტუდენტების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებს, დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრებს. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, VR სათვალის გამოყენებით, დაეთვალიერებინათ KIU-ს ულტრათანამედროვე კამპუსი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სივრცეებიც.

 

ქუთაისში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერთან, ლევან კოპალიანთან და ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან ერთად დაესწრო. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში განთავსებული, KIU-ს შემოქმედებით-ინოვაციური სივრცე univerCity. 

 

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით აღინიშნა. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.