ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო საზაფხულო სკოლას მასპინძლობს

 01/08/2026

მასში ქართველ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობენ ახალგაზრდები აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და ჩეხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. საზაფხულო სკოლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნა, რომელმაც პროგრამის ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და თანამედროვე კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი ესწრებოდნენ.

 

საზაფხულო სკოლას უძღვებიან და ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების როლს მეცნიერებაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სამეცნიერო კვლევებში.

 

ყურადღება მახვილდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა: ბუნების ისტორიისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის კვლევა,

არქეოლოგიურ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რესტავრაციის თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები. პროექტი ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

KIU აღნიშნულ საზაფხულო სკოლას უკვე მესამე წელია მასპინძლობს. მასში აზერბაიჯანის წარმომადგენლები, ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელშეწყობით, პირველად ჩაერთვნენ.