ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების მიერ შექმნილმა, აგრო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა - “ტერაგარდი” (TerraGuard), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. ათასზე მეტ სტარტაპს შორის, “ტერაგარდი” ოფიციალურად შეირჩა Startupbootcamp Georgia-ს ბაზრის ათვისების (Market Entry) პროგრამიდან.
ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების მიერ შექმნილი „ტერაგარდი“ მიზნად ისახავს ვენახებში დაავადებებისა და რისკების ადრეულ აღმოჩენას, მევენახეებისთვის უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას და ვენახის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
სტარტაპის ავტორები ვენახების დასასკანირებლად იყენებენ დრონებს, ხოლო მეტეოსადგურის და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას მოსავლის შესახებ. „ტერაგარდის" AI ასისტენტი აანალიზებს მიღებულ მონაცემებს, ავლენს პოტენციურ რისკებს და ამასთანავე, მევენახეებს აწვდის საპრევენციო რჩევებს ვენახის მართვის მიმართულებით.
“ტერაგარდის” ავტორები არიან KIU-ს სტუდენტები: ოთარ ხუნაშვილი, დაჩი ხელაშვილი, გოგა ჯინჭარაძე, ანდრია ბერიძე, პეტრე ხარაზაშვილი.
“ტერაგარდის“ გუნდის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაერთიანებით, ფოკუსირებულია STEM განათლებაზე და ზრდის ახალგაზრდა ნოვატორ ლიდერებს. შესაბამისად, KIU-ს და მის სტუდენტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაში.
