KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის (AUD), საბაკალავრო პროგრამის „დიზაინი“, 2025-2026 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სტუდენტების სასწავლო წლის შედეგები - შესრულებული ნამუშევრები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც დიზაინის საფუძვლების, ვიზუალური კვლევისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების მრავალფეროვან მიმართულებებს აერთიანებდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და მათი მშობლები.
ღონისძიება გახსნა არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელმა, მარიამ ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა პარტნიორ უნივერსიტეტთან Università degli Studi di Napoli Federico II თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც სასწავლო კურსებს იტალიელი პროფესორები უძღვებიან.
ექსპოზიციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარედგინათ თავიანთი შემოქმედებითი ხედვა, პროფესიული უნარები და სასწავლო პროცესში მიღწეული შედეგები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და საქმიანობაში.
