KIU კაპელამ ეროვნულ კონკურსში ვერცხლის მედალი მოიპოვა

 07/06/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ მომღერალთა გუნდმა - KIU კაპელამ, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღნიშნული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა-განვითარება და სხვა. წლევანდელი კონკურსის ორივე ტური ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ KIU კაპელა ამ კონკურსის პრიზიორი უკვე მესამედ გახდა. კაპელას მიღებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა KIU კაპელა. კაპელა მონაწილეობს KIU-ს მიერ ორგანიზებულ, ყველა მასშტაბურ ახალგაზრდულ ღონისძიებაში.