ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის სტუდენტები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ბანკი „ქართუს“ ქუთაისის სერვისცენტრში.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ კომერციული ბანკის ფუნქციონირების სპეციფიკას, საბანკო მომსახურების ორგანიზების თავისებურებებსა და საფინანსო ინსტიტუტის ყოველდღიური საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო აქტივობების მნიშვნელობა თანამედროვე უმაღლეს განათლებაში და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, პრაქტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი ცოდნის დაახლოებას.
შეხვედრას უძღვებოდნენ ბანკი „ქართუს“ ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი დიმიტრი გაჩეჩილაძე და მოწვეული სპიკერი, საპატიო ბანკირი რევაზ რობაქიძე. მათ სტუდენტებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება საბანკო სფეროს ფუნქციონირების, მომხმარებელთან ურთიერთობის, სერვისცენტრის მართვისა და თანამედროვე საბანკო მომსახურების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
მსგავსი სასწავლო ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პროცესში და ხელს უწყობს აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გააზრებას, პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას.
