ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, სტუდენტებისთვის დაგეგმილია პრაქტიკული გამოცდილების მიღების, სტაჟირების პროგრამების განხორციელებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს საბანკო ასოციაცის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სკოლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების, კვლევების და თემატური ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას. მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდებში თანამედროვე საბანკო სფეროს მოთხოვნებზე მორგებული უნარების განვითარებას.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით ახალგაზრდებისთვის თემატური საჯარო ლექცია ჩაატარეს. მსგავსი თანამშრომლობა ქმნის აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთიან სივრცეს, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
