KIU-ში ინოვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება გაიმართა

 23/04/2026

„ინოვაციის დღე KIU-ში“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი, სტუდენტური ღონისძიება გაიმართა. მის მიზანს წარმოადგენდა მეცნიერებასთან დაკავშირებული და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების კრიტიკული გააზრება; სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებული, მრავალფეროვანი პერსპექტივების წარმოჩენა; ინოვაციური იდეების და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინტერესების გაზიარება.

საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა შესაბამისი შინაარსის ვიდეორგოლები, მცირე კვლევითი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიებას KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, სკოლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შემოქმედებითი იდეებით, ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიური განვითარება, განათლების როლი ინოვაციების პროცესში და გლობალური გამოწვევების გადაჭრის თანამედროვე მიდგომები. მოწვეულმა სპიკერებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პრაქტიკოსმა მეცნიერებმა მოხსენებები STEM დარგების თანამედროვე ტენდენციებსა და შესაძლებლობებს მიუძღვნეს.

ღონისძიება KIU-ს სტუდენტური კონკურსის - „მითი თუ რეალობა“ - ფინალისტთა პროექტების წარდგენით და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. ნომინაციაში - „აუდიტორიის რჩეული“ - გაიმარჯვა მარიამ აკობიძის, ელისაბედ გვარამიასა და მარიამ ხორავას ერთობლივმა პროექტმა. ჟიურის რჩეული კი გახდა ანა წაქაძე.

კრეატიულობისა და ინოვაციის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 აპრილს აღინიშნება.