ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ქუთაისის პირველ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა გახსნა.
საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებსა და უცხოელ დელეგატებს სიტყვით მიმართეს: ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
სამი დღის განმავლობაში უცხოელმა სტუმრებმა ფორუმის ქართველ მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. ფორუმში ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ქუთაისთან დამეგობრებული ევროპული ქალაქებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დელეგატებმა ვრცლად მიმოიხილეს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები, საგანმანათლებლო რეფორმები და მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც სტუდენტთა პროფესიულ წინსვლასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
უცხოელი სტუმრებისთვის, ქალაქ ქუთაისის გაცნობის მიზნით, შემეცნებითი ტურები მოეწყო. დელეგატებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
