ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სივრცე - UniverCity გაიხსნა

 04/05/2026

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა KIU-ს შემეცნებით-ინოვაციური სივრცე — UniverCity. ღონისძიება ქუთაისქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. პროექტი შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით.

UniverCity-ს სივრცე გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ქუთაისის დელეგატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

UniverCity-ს გახსნაში მონაწილეობდა KIU-კაპელა. საზეიმო გახსნასთან ერთად გაიმართა სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და კანცლერმა ლევან კოპალიანმა სტუდენტური ვიდეოკონკურსის — KIU IN YOUR LENS — შედეგები შეაჯამეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საგანმანათლებლო რეფორმასთან.

UniverCity ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

ინოვაციური ჰაბი დაეთმობა KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამებსა და ულტრათანამედროვე, რეგიონში უნიკალური საუნივერსიტეტო კამპუსის სიახლეებს. ახალი სივრცე იდეურად ერწყმის ქუთაისის ისტორიულ როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას.