პროფესორი ალექსანდრე მესხი მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

 17/04/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ალექსანდრე მესხს, მათემატიკურ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ყაზახეთის მათემატიკოსთა კავშირის მედალი გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიება ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში (Shymkent), ყაზახეთის მათემატიკოსთა პირველი საერთაშორისო ყრილობის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ტინიზბეკ კალმენოვის 80 წლისთავს მიეძღვნა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მეცნიერი დაესწრო. პროფესორი ალექსანდრე მესხი, დელეგატებს შორის, ერთადერთი მომხსენებელი იყო საქართველოდან.

პროფესორ ალექსანდრე მესხის სამეცნიერო ინტერესებში შედის ჰარმონიული ანალიზის საკითხები არასტანდარტულ ფუნქციურ სივრცეებში; ინტეგრალურ ოპერატორთა წონითი თეორია და გამოყენებები. ის არის 150–ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 8 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი.

ალექსანდრე მესხი ხელმძღვანელობს KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს. KIU-ს პროფესორი დაჯილდოებულია გერმანიის მათემატიკური ასოციაციის ეილერის პრემიით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემიით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ანდრია რაზმაძის პრემია.

სხვა სიახლეები