ქუთაისი — საუნივერსიტეტო ქალაქი — ახალი შემეცნებით-ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. მისი კონცეფცია და პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა.
სივრცის კონცეფცია გულისხმობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის საგანმანათლებლო რეფორმასთან. ამ რეფორმის ფარგლებში ქუთაისს ენიჭება დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი უმაღლესი საგანმანათლებლო ფუნქცია, რაც ქალაქისთვის დამატებითი შესაძლებლობაა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ და ამასთანავე, მათი თვითრეალიზებისა და ახალი შესაძლებლობების ცენტრად.
ეს უნიკალური სივრცე გააერთიანებს ოთხ საგანმანათლებლო მიმართულებას: ციფრული უნარები, ხელოვნური ინტელექტი და STEM სისტემები; კულტურული, სოციალური და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული სერვისები; დასვენებისა და შეხვედრების სივრცეები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი ახალგაზრდული პროექტები, მოიწვიონ სტუმრები, გამართონ დისკუსიები და ჩაატარონ პანელური შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
სივრცე დაეთმობა KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამებსა და ულტრათანამედროვე, რეგიონში უნიკალური საუნივერსიტეტო კამპუსის სიახლეებს. ქუთაისის უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია ქალაქის როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე საგანმანათლებლო როლსა და შესაძლებლობებზე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამ წარმომადგენლობითი სივრცის შერწყმა ქუთაისთან კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს პოზიციონირებას, როგორც რეგიონში წამყვან ინოვაციურ, ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ჰაბს, რაც ხაზს გაუსვამს მის როლს ქუთაისის განვითარების პროცესში. ახალი სივრცე იდეურად ერწყმის ქუთაისის ისტორიულ როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას.
