ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, KIU-ში სალექციო კურსს – „ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიის გადაცემა“ – ახალი სემესტრიდან გაუძღვება სამაგისტრო პროგრამის თანაავტორი და WIPO-ს მოწვეული ექსპერტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორი, დიოგო კოსტა კუნა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, KIU-ს მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებმა და პროფესორმა დიოგო კოსტა კუნამ, როგორც სამაგისტრო პროგრამის თანაავტორმა, განიხილეს KIU-ს ბაზაზე ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სფეროში ძლიერი აკადემიური სკოლის ჩამოყალიბების პერსპექტივები.
ერთწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში 2025 წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდა KIU-ს, WIPO-ს აკადემიასა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს რეგიონში უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. მისი მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის, ასევე ბიზნესის მართვის სტრატეგიების შესწავლას. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.
სასწავლო პროცესს ქართველ პროფესორებთან ერთად უძღვებიან WIPO-ს აკადემიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, თანამედროვე კვლევებსა და გლობალური პრაქტიკის ინტეგრაციას.
ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ხელს უწყობს და აძლიერებს საერთაშორისო აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორობასა და ქართველ ახალგაზრდებს უქმნის პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
