ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი სახელმწიფო” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სამართლის სკოლის სტუდენტებმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს, ესენია: “საუკეთესო ახალგაზრდული ესსე“ და „საუკეთესო ინიციატივა პარლამენტს და ადგილობრივ თვითმმართველობებს“. გამარჯვებულ სტუდენტებს დიპლომები, ხოლო უნივერსიტეტს მადლობის სიგელი პროექტში აქტიური მონაწილეობისა და საინტერესო საკონკურსო მასალების წარდგენისთვის გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, KIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ია მოსაშვილი, KIU-ს სამართლის სკოლის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საკონკურსო პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და დიასპორული ორგანიზაციები ჩაერთნენ. კონკურსში მონაწილეობა 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
