ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ასოცირებული პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი ია მოსაშვილი, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
ღონისძიება მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ია მოსაშვილს წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის სიგელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიას KIU-ს პრორექტორი პაატა ტურავა დაესწრო.
საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი ია მოსაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც STEM მიმართულებით თანამედროვე ციფრული დიზაინისა და ჩაშენებული სისტემების სასწავლო კურსები დანერგა საქართველოში და ამჟამად, KIU-ში ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას - „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები“. აღნიშნული ორმაგი ხარისხის პროგრამა კაიზერსლაუტერნი-ლანდაუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ია მოსაშვილი სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი სასწავლო და სამეცნიერო ინტერესები ფარავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ციფრული სისტემები და მათი დიზაინი, კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა, ჩაშენებული სისტემები, ნივთების ინტერნეტი, კომპიუტერული სისტემები.
