ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), სამუშაო ვიზიტით HUAWEI-ს თბილისის ოფისის დირექტორი ლუ პენგჰონგი ეწვია.
შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერკლასებში; პროფესიული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა; ტექნოლოგიური ლაბორატორიების ჩამოყალიბება KIU-ში; აკადემიური პერსონალის გადამზადება და მნიშვნელოვანი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
HUAWEI-მ 2025 წელს ჩინეთში, პროექტ Huawei Seeds for the Future-ს, უმასპინძლა, რომელშიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში KIU-ს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის სკოლების სტუდენტები HUAWEI-ის სრული დაფინანსებით, ჩინეთში გლობალურ კორპორატიულ პროგრამაში „Seeds for the Future“ ჩაერთნენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და HUAWEI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2025 წლის თებერვალში გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, KIU-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე. ასევე, სტუდენტები შეძლებენ სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ HUAWEI-ის გლობალურ კომპანიაში.
