ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჰაკათონს - Hack the Halls უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შეჯიბრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინოვაციური იდეების გენერირება და კონკურენტული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა. ორდღიანი ინტენსიური სამუშაო პროცესის შედეგად მონაწილეებმა 30-მდე პროექტი შეიმუშავეს, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული პლატფორმების თემებს მოიცავდა.
ჰაკათონის გამარჯვებული გახდა KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტი - Memorunia; მეორე ადგილი დაიკავა KIU-ს გუნდმა - Blueprint Data Tool, ხოლო მესამე ადგილი ერგო - „Mathწავლებელს“ (KIU).
ამასთანავე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს სპეციალურ ნომინაციებშიც, რომლებიც ღონისძიების პარტნიორმა კომპანიებმა - GAIA-მ და Reskill Academy-მ დააწესეს.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარებულ თემატურ სესიებს, სადაც კომპიუტერული მეცნიერების სფეროში არსებული აქტუალური ტენდენციები, ტექნოლოგიური ინოვაციები და პროფესიული განვითარების გზები განიხილეს. შეჯიბრში, KIU-ს სტუდენტების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პლატფორმიდან.
ღონისძიება GDG Kutaisi-ისა და QBIT-ის (ქუბიტი) ორგანიზებით ჩატარდა, ხოლო მთავარი მხარდამჭერი კომპანიები იყვნენ: Google, TBC Tech, Reskill Academy, Quantori და reroDev.
