KIU-ს წარმომადგენელმა საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო მოხსენების ჯილდო მიიღო

 15/11/2025

თბილისში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია,  სახელწოდებით - RHEO-BIO-MED-2025.  აღნიშნულ კონფერენციაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სახელით მონაწილეობდა ახალგაზრდა მკვლევარი და დოქტორანტი სალომე ფიროსმანიშვილი, რომელმაც საუკეთესო მოხსენების ჯილდო მოიპოვა. სალომე ფიროსმანაშვილმა წარადგინა მოხსენება, თემაზე - “Machine Learning and Deep Learning in Modern Healthcare: Trends, Applications and Challenges” (“მანქანური სწავლება და ღრმა სწავლება თანამედროვე ჯანდაცვაში: ტენდენციები, გამოყენებები და გამოწვევები”).

კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა თემატურ სექციას, მათ შორის „რეოლოგია და ხელოვნური ინტელექტი“, რომლის მოდერატორი იყო KIU-ს ასოცირებული პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, KIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ია მოსაშვილი. ის, ასევე, მენტორობას უწევდა საუკეთესო მოხსენების ჯილდოს მფლობელს, სალომე ფიროსმანიშვილს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციაში წარდგენილი იყო 35 მოხსენება.

სალომე ფიროსმანიშვილი KIU-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. ის ორი წლის განმავლობაში ასრულებდა სწავლების ასისტენტის მოვალეობას KIU-ში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო გერმანიაში, ნიუნბერგის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაასრულა მაგისტრატურის პროგრამა. ამჟამად, ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის მოწვეული ლექტორია.

სხვა სიახლეები