KIU და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

 10/11/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციამ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია იაპონიაში, ჩიბას ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (Chiba Institute of Technology - CIT) ესტუმრნენ. KIU-ს დელეგაცია შეხვდა CIT-ის პრეზიდენტ ჯოი იტოს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორ კენიჩი სეკის და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სეტოკუმას.

ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. CIT გამოირჩევა მოწინავე ინჟინერიით, რობოტოტექნიკის დარგის ონოვაციებით, ნახევარგამტარებისა და ავიაკოსმოსური კვლევებით. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს იაპონიის პირველი ოფიციალური AI-ლექტორი, რომელიც ChatGPT-სა და Blockchain/Verifiable Credentials-ზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს იყენებს.

მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს KIU-სა და KUCA-ს (Kutaisi University Campus) CIT-თან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.

ურთიერთთანამშრომლობა განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი აკადემიური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე; საერთო კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში; ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულების ბაზაზე შემუშავებული ერთობლივი სერტიფიკატები; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ტოკიოსა და ჩიბაში. CIT-თან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაპონიის უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების სტანდარტებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს. KIU-ს და CIT-ის პარტნიორობის პირველი კონკრეტული პროექტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

KIU-ს დელეგაციის იაპონიაში წარმატებული ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ტოკაის  უნივერსიტეტთან (იაპონია). KIU-ს მენეჯმენტი იმყოფებოდა ტოკაის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, სადაც რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას გაეცნო.

სხვა სიახლეები