სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა მინი-კურსი, თემაზე - „Stability and Robustness of Dynamical Systems Including Examples from Mechanics“. ლექციებს უძღვებოდნენ ვურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორები - სერგეი დაშკოვსკი და ანდრეას შროლი.
კურსის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დინამიკური სისტემების სტაბილურობისა და რობუსტურობის თეორიის გაცნობა, მათ შორის მექანიკის მაგალითებზე დაფუძნებული პრაქტიკული შემთხვევების განხილვა.
მინი-კურსი ჩატარდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვურცბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მოიცავს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ინტეგრაციას.
„მსგავსი კურსის ჩატარება ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობას და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ითანამშრომლონ უცხოელ პროფესორებთან, მიიღონ ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილება და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები“, განაცხადა KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა.
მინი-კურსი KIU-ში 16-26 სექტემბრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ფარგლებში, უცხოელი პროფესორების მონაწილეობით, სისტემატურად იმართება სამეცნიერო სემინარები, მინი-კურსები, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ და კვლევაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოს.
