საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ

 03/10/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხელოვნური ინტელექტის გავლენის მრავალმხრივი გაანალიზება.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აკადემიის დირექტორმა როინ მეტრეველმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა პროფესორმა პაატა ტურავამ. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და კვლევაში KIU-ს სასწავლო პროგრამების განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს - „მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში“.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს -  ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია და უკვე ჩატარდა არაერთი ტრენინგკურსი და ვორქშოპი, მათ შორის: „AI წიგნიერება & პრომპტ ინჟინერია“.  ჩვენს უნივერსიტეტს მტკიცე საფუძველი აქვს ხელოვნური ინტელექტის კვლევის, სწავლების და ინოვაციების მიმართულებით დასანერგად, რაც აძლიერებს არსებულ აკადემიურ პოტენციალს და ზრდის კონკურენტუნარიანობას”, - განაცხადა პაატა ტურავამ.

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი კვლევითი მიგნებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

 

 


სხვა სიახლეები