ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 1-4 სექტემბერს ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს.
საერთაშორისო კონფერენცია – „ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ (JELIA 2025), რომელიც საქართველოში პირველად იმართება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა საუბრისას საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბურობას და როლს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან კონფერენციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, საინტერესო დისკუსიები და ახალი სამეცნიერო კავშირების დამყარება უსურვა. სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
4-დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
KIU-ში სამეცნიერო კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ევროპული კონფერენცია „ლოგიკა ხელოვნურ ინტელექტში“ (Journées Européennes sur la Logique en Intelligence Artificielle - JELIA) 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. აღსანიშნავია, რომ JELIA-ს კონფერენციაზე, მაღალი ინტერესისა და კონკურენციის გამო, მოხსენების წარდგენა სპეციალური შერჩევის საფუძველზე ხდება. ყოველწლიურად მის პროგრამულ კომიტეტში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ასზე მეტი ექსპერტი. მრავალთვიანი განხილვის შემდეგ, კომიტეტმა წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეიტანა მაღალი ხარისხის 47 მოხსენება, რომლებიც წარმოაჩენენ უახლეს მიღწევებს - ლოგიკაზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტში.
JELIA-ს მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და იდეების გაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის მქონე ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით.