ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტურ საზაფხულო სკოლას „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ უმასპინძლა

 03/08/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სტუდენტურ საზაფხულო სკოლას „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები” უმასპინძლა. პროგრამის მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის KIU-ში მიმდინარეობდა ლექცია-სემინარები, მოეწყო გასვლითი ღონისძიებები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში. ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებდნენ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მულტიდისციპლინურ საერთაშორისო პროექტებთან.

სკოლის დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე უძღვებოდა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ორგანიზატორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სკოლის მასპინძლობისთვის  და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა თემატურად ისეთ მრავალფეროვან და საინტერესო საკითხებს, როგორებიცაა: ბუნების ისტორიის/ბუნებრივი მემკვიდრეობის კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიის კვლევაში; კულტურული მემკვიდრეობა, კონსერვაცია-რესტავრაცია – თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები; კულტურული მემკვიდრეობა, მისი განვითარების გზები, ინტერპრეტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები; ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 28 ივლისიდან პირველ აგვისტომდე მიმდინარეობდა და ღონისძიება KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორთან ვახტანგ ცაგარელთან ერთად, გახსნა. გახსნის ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ  პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი და დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ახალგაზრდული სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და  ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ამასთანავე, კულტურის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.


სხვა სიახლეები