ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ვორქშოპი გაიმართა, სახელწოდებით - „მონაცემთა მეცნიერება მათემატიკის კურიკულუმში (Workshop on Data Science in the Mathematics Curriculum)“.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მან ხაზი გაუსვა მათემატიკის სკოლის აკადემიური პერსონალის აქტიურობას და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში. ვორქშოპი გახსნა KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. მან ისაუბრა კურიკულიმის წარმატებული განვითარებისთვის უცხოური უნივერსიტეტების პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინების საჭიროებაზე.
ვორქშოპის მთავარი მომხსენებელი გახლდათ სამხრეთ-დასავლეთ მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეთიუ ზაბკა, რომელმაც კოლეგებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება თუ როგორ შექმნა და დააფუძნა მისივე უნივერსიტეტში, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სრულიად ახალი პროგრამა „მონაცემთა მეცნიერება“.
განხილვის პროცესში აღინიშნა, რომ KIU-ს ახალი საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ ბევრ საინტერესო საკითხს ფარავს მანქანური სწავლების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით. ვორქშოპზე განიხილეს სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაც მონაცემთა მეცნიერებაში კლასიკური მათემატიკის გამოყენების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი მეთიუ ზაბკა 2024 წლიდან ასევე არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის მოწვეული პროფესორი. იგი KIU-ს სტუდენტებს უკითხავს ლექციებს მონაცემთა მეცნიერებაში მათემატიკის გამოყენების შესახებ. მან მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი წმინდა კლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მოგვიანებით, სტატისტიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა მიჩიგანის უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს მათემატიკის დოქტორის ხარისხი უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა. ამჟამად კი სამხრეთ-დასავლეთ მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. დოქტორი ზაბკას კვლევა ფოკუსირებულია ალგებრული ტოპოლოგიის გამოყენებაზე მონაცემთა ანალიზში. გარდა ამისა, ის აწარმოებს კვლევას პედაგოგიკაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მონაცემთა მეცნიერების სწავლების მიმართულებით.