კოოპერაციული განათლება მათემატიკაში - მათემატიკის სკოლის ვორქშოპი KIU-ში

 17/06/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მათემატიკის სკოლის ორგანიზებით გამართულ ვორქშოპს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მარცინკოვსკი.

ვორქშოპი, სახელწოდებით - „კოოპერაციული განათლება მათემატიკაში (Workshop on Cooperative Education in Mathematics)“, გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ და ამავე უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. შეხვედრაზე შეაჯამეს KIU-ში გამართული მათემატიკის საერთაშორისო მეექვსე კონფერენციაც, რომელსაც საქართველომ პირველად უმასპინძლა. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მკვლევრებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

ვორქშოპზე სიტყვით გამოსვლისას პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებსაც საერთაშორისო უნივერსიტეტები კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით იყენებენ.

„სწორედ ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია ინტერნშიფი, რომელიც სტუდენტს  სწავლის პერიოდში სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. კოოპერაციული განათლება, რომელიც ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო შორს მიდის, 1918 წლიდან არის დანერგილი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში“, განაცხადა რამაზ ბოჭორიშვილმა.

პროფესორმა ალექსნდრე მარცინკოვსკიმ ვორქშოპის მონაწილეებს გააცნო კოოპერაციული განათლების სისტემის მიღწევები, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს  მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება და პოტენციურ დამსაქმებელთან დაამყაროს კავშირი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად. პროფესორმა  მარცინკოვსკიმ ვორქშოპის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ რა განსხვავებაა სტაჟირებისა და კოოპერაციული განათლების სიტემას შორის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი სტუდენტების გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივის შესწავლის შესახებ.

ცნობისთვის, 9-13 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მათემატიკის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მათემატიკის მკვლევრები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. სესიებს დაესწრნენ KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტებიც.

 

 

 

სხვა სიახლეები