ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომუნიკაციების ომბუდსმენის საჯარო ლექცია გაიმართა

 19/06/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საჯარო ლექცია - “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გაიმართა.

შეხვედრა გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მომხმარებელთა უფლებების შესახებ პრეზენტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა თემაზე - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“. საჯარო ლექციას დაესწრნენ KIU-ს სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და ა.შ. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაესვა მომხმარებელთა უფლებების შესახებ აქტუალური კითხვები და მიეღო ამომწურავი პასუხები.

ვიზიტისას, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ პაატა ტურავასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური წარმოადგენს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას, რომლის მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომუნიკაციების კომისიას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით.



სხვა სიახლეები