KIU-მ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მიიღო მონაწილეობა

 31/05/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან დიეგოში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ.

გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარადგინა KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა გიორგი ფიფიამ, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საერთაშორისო პარტნიორებთან.

გამოფენაზე საქართველო წარდგა პროექტით - Education In Georgia, რომელიც სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. ღონისძიებაზე ქართულ უნივერსიტეტებს, საკუთარი ცნობადობის გაზრდის გარდა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიების უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ,  რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

Education in Georgia-ს სივრცის დამთვალიერებლები ადგილზე გაეცნენ KIU-ს შესაძლებლობებს და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას. მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალეების მეშვეობით დაათვალიერეს KIU-ს ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ NAFSA 2025-ში 100-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასამდე დელეგატი მონაწილეობდა და გამოფენის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს Education In Georgia, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარებას და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერას.

 

 


სხვა სიახლეები