ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის, პროფესორ ია მოსაშვილის მენტორობით შექმნილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა პროექტი საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი სახელწოდებით - Kevin AI ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ქართულენოვანი ვერსიაა, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, მათთვის სასურველი საგანმანათლებლო კურსი გაიარონ ქართულ ენაზე ნებისმიერი ადგილიდან. ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული პროექტის მიზანი ციფრული კომპეტენციის განვითარებაა.
„უკვე მეორე წელია, ჩართული ვარ, სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროექტის შემუშავებაში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. ჩემთვის, როგორც პროფესორისთვის, ეს გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია – იგი მაძლევს შესაძლებლობას, შევხვდე მოტივირებულ და შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდებს და რაც მთავარია, გავუზიარო მათ თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი კვლევითი მიდგომა. ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ერთობლივმა მუშაობამ არა მხოლოდ გააღრმავა მათი ინტერესი მეცნიერებისადმი, არამედ მეც მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლისა და უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობა მომავალი თაობის განვითარებისთვის,“ - განაცხადა KIU-ს პროფესორმა ია მოსაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, პროექტმა საქართველოს წლევანდელ კონკურსში - “წლის მოსწავლეთა კომპანია 2025” გაიმარჯვა. შესაბამისად, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, ამავე პროექტითა და საქართველოს სახელით, ევროპის საერთაშორისო სამეწარმეო ფესტივალზეც წარდგებიან, რომელსაც საბერძნეთის დედაქალაქი, ათენი უმასპინძლებს.
იხილეთ ვიდეო პროექტის შესახებ.